Hot line : +995(350)273106

თელავის კულტურის ცენტრში ტელეკომპანია „თანამგზავრის“ 28 წლის იუბილე აღნიშნეს

4 May, 2019

ტელეკომპანია „თანამგზავრს“, რომელიც ქალაქ თელავში ფუნქციონირებს, 28 აპრილს 28 წელი შეუსრულდა. სამაუწყებლო კომპანიის საუიბილეო ღონისძიება თელავის კულტურის ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე გაიხსენეს ტელევიზიის პირველი ეთერიდან დღემდე მნიშვნელოვანი მოვლენები, ყურადღება გაამახვილეს მის როლზე თელავის მუნიციპალიტეტის და, ზოგადად, კახეთის რეგიონის განვითარების პროცესში. არხის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებსა და მიზნებზეც ისაუბრეს.


ღონისძიების დასასრულს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მოქმედ და ყოფილ ჟურნალისტებსა და აქტიურ რესპონდენტებს სამახსოვრო სიგელები გადასცა. საიუბილეო ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თელავის მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრტები ესწრებოდნენ. მათ ტელეკომპანიას საიუბილეო თარიღი მიულოცეს. როგორც არჩილ თხლაშიძემ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, არხის მთავარი მიღწევა მაყურებლის ნდობის შენარჩუნება და თავისუფლების მაღალი ხარისხია.


„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. 28 წელი გავიდა, რაც ეს ტელევიზია დაარსდა. თქვენ მაშინ დაიწყეთ მაუწყებლობა, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი სირთულე და გამოწვევა იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტელეკომპანია „თანამგზავრი“ არის ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი მედია ორგანიზაცია. ტელეკომპანიას ვუსურვებ წარმატებასა და წინსვლას“, - განაცხადა არჩილ თხლაშიძემ .

თელავის მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილმა ტელეკომპანია „თანამგზავრს“ მუნიციპალიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქარი გადასცა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ტელეკომპანია თანამგზავრმა და არასამთვორობო ორგანიზაციამ „თელავი ჩემი ქალაქია“ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. ტელეკომპანია „თანამგზავრი“ 1991 წლიდან მაუწყებლობს. არხის მაუწყებლობის არეალი თელავის, ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს ფარავს.

ფოტოები იხილეთ საკრებულოს Facebook-ზე:
ფოტოები იხილეთ მერიის Facebook-ზე:

Share page