თელავში ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავი აღნიშნეს

9 May, 2019

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს თელავის მუნიციპალიტეტში.


საკრებულოს დეპუტატებმა ლევან ლილუაშვილმა, ტიტე დარეჯანიშვილმა, არჩილ თვალიაშვილმა და გიგა მამუკელაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან შოთა ნარეკლიშვილთან და მერის მოადგილესთან დავით ბეგიაშვილთან ერთად ქალაქ თელავში ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალი გვირგვინით შეამკეს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ასევე სოფელ აკურაში, სადაც მარადიული ცეცხლის ანთების ცერემონია გაიმართა. მათ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულები გაიხსენეს და ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აკურისა და ვანთის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ პარწიკანაშვილმა სოფელ აკურის კეთილმოწყობის პროექტებში აქტიური ჩართულობისა და თანამონაწილეობისათვის ადგილობრივი მაცხოვრებლები დააჯილდოვა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელები გადასცა.

„დღეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მსოფლიო ფაშიზმის მარწუხებისგან გათავისუფლდა. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, უამრავი ჩვენი თანამემამელე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა 300-მდე ჩვენი თანასოფლელი. თავიანთ ოჯახებს მხოლოდ 135 დაუბრუნდა, რომელთაგანაც დღეს არც ერთი მათგანი აღარ არის ცოცხალი. მინდა, მათ წინაშე ქედი მოვიხარო“, - განაცხადა იოსებ პარწიკანაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 12 209 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან ბრძოლის ველზე 4175 გარდაიცვალა.

დღეისათვის თელავის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 8 ვეტერანია, რომლებსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 ლარი გადაეცათ.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

Share page