წინანდალში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი მიმდინარეობს

30 May, 2019

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტში, წინანდლის მამულში მდებარე სასტუმროში - “Radisson Collection Estate Tsinandali” „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“ მიმდინარეობს, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებიან.

ფორუმი, რომელშიც ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მამუკა ბახტაძემ კახეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, ტურიზმის, მეღვინეობისა, ზეთისხილისა და კაკლოვანი კულტურების განვითარების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კახეთში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე დასრულდება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა. ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა პანელზე, მეწარმეობის, ენერგეტიკისა და წარმოების მიმართულებებით სექტორული დისკუსიები და სესიები იმართება. ფორუმში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.

ღონისძიების მთავარ მიზანია სამომავლო, საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და კახეთის რეგიონისთვის მეტი ინვესტიციის მოზიდვა. „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“, რომელიც ხვალ დასრულდება, საქართველოს მთავრობისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით იმართება.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

Share page