საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა

28 November, 2019

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს მხარი დაუჭირა. წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა 2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, რომელიც სხვადასხვა პროექტის განსახორცილებელად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, რომელიც „თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მიღებას გულისხმობს. წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის დამტკიცებაზე საკრებულომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა იმსჯელოს.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხისა და პრივატიზების გეგმაში ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს სოფელ ნაფარეულში მდებარე 1252 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, ცვლილება შევიდა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაშიც.

საკრებულოს განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ სანიორეში მდებარე 2009 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.

 

Share page