Hot line : +995(350)273106

ბუნება და კლიმატი

თელავის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ახმეტისმუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტნის რესპუბლიკა, აღმოსავლეთით ყვარლის, სამხრეთ-აღმოსავლეთით გურჯაანის, სამხრეთ-დასავლეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თელავი 27 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება.  რაიონის ცენტრალური ნაწილი გაშლილია ალაზნის ვაკეზე, რომელიც დასავლეთით გომბორის ქედითაა შემოზღუდული, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი კახეთის კავკასიონით. მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იჭრება გომბორის ქედი. თელავის ტერიტორიაზეა გომბორის ქედის უმაღლესი მწვერვალი - ცივი (1991 მ). 

მდინარე ალაზანი და მისი აუზი ქმნის რაიონის მთავარ ჰიდროლოგიურ არტერიას. ასევე გამოსაყოფია მდინარეები: სტორი, კასისხევი და  ლოპოტა. ტბების მხრივ მუნიციპალიტეტის ტერიტორია ღარიბია. რაიონის მიწების დიდი ნაწილი უჭირავს მთისწინეთის და დაბალმთიანეთის მუხნარ-რცხილნარსა და სხვა ფართოფოთლოვან ტყეებს.


თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. ალაზნის ვაკეზე ზომიერად ნოტიო ჰავაა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C.

გომბორის ქედზე ზღვის დონიდან 1200 მ-მდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. ცივის მწვერვალზე ტემპერატურა უდრის 4 °C-ს.

კახეთის კავკასიონზეც ზღვის დონიდან 1200 მ-მდე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა.

 

 

Share page