თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილე აღინიშნა

25 December, 2019

თელავის თეატრში  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილე აღინიშნა.

იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, მაჟორიტარი დეპუტატები, კახეთის მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის დაარსების და განვითარების ისტორიაზე, უმაღლესი სასწავლებლის მიღწევებზე, განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

უნივერსიტეტის რექტორმა - ირმა შიოშვილმა ღვაწლმოსლი პროფესორ-მასწავლებლები და 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თელავის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტი დააჯილდოვა.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მის ბაზაზე შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართულ-გერმანული აგრარული მიმართულების სასწავლო დაწესებულება.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1939 წელს დაარსდა, როგორც სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1940 წლიდან იგი ატარებს დიდი ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის სახელს. დაარსებიდან 60 წლისთავზე, 1999 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

   

 

 

Share page