საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა

24 March, 2020

 

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ მაჟორიტარ წევრებს დაავალა კორონავირუსთან დაკავშირებით მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ საათში ერთხელ ინფორმაციის მიწოდება. არჩილ თხლაშიძის განმარტებით, ეს ღონისძიება COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ხორციელდება.

კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების პროექტს, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებით მუსიკათერაპიის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების ქვეპროგრამის დამატებას გულისხმობს. ქვეპროგრამის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში მუსიკათერაპიის დანერგვა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შეზღუდული შესაძლებლობისა და  სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაში. 

საკრებულოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტშიც. ცვლილება უკავშირდება 2020 წლის 01 იანვრისათვის არსებული ნაშთის ნაწილის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახვას, რომელიც გათვალისდწინებულია სარეზერვო ფონდის ზრდაზე, ქ. თელავში დასვენების პარკ „ნადიკვარზე“ ტერასების მოწყობის სამუშაოების და საზედამხედველო მომსახურების განხორციელებისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დაფინანსებისათვის და სოფელ ნაფარეულში გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებისათვის. `

სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფრომა ნათია ვაყელიშვილმა წარადგინა თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანაგრიში, რომელიც სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დამაკმაყოფილებლად შეაფასა.

საკრებულომ ასევე მოიწონა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადება, რომელიც ქ. თელავში ალაზნის გამზირზე, კავკასიონის, დუმბაძისა და თაყაიშვილის ქუჩებზე მდებარე მრავალინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს.

საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს მერიის, ადმინისტრაციული და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურების დებულებებსა და ასევე მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანას. სამივე ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის მიზეზს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 24 თებერვალს.

კანონში განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მერის წარმომადგენლები და მათი სპეციალისტები ხდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

საკრებულომ ასევე მერს მისცა, შესაბამისი საჭიროების მქონე პირებს პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით გადასცეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება: შშმ პირთა ეტლები, საგორავები და ყავარჯნები.

წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, მერს მიეცა თანხმობა თელავის მუნიციპალიტეტისა და დალი ხუდაბერდოვის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნაზე.

დღესვე საკრებულომ თელავის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშაც დაამტკიცა.

საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს წარმომადგენლობითი ორგანოს 2020 წლის 28 თებერვლის მე-10 განკარგულებაში ცვლილების შეტანას, რომელიც ,,თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისათვის ადგილების გამოყოფას გულისხმობს.

 

 

 

 

 

Share page