სასურსათო კალათების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს

5 May, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასურსათო კალათების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ სასურსათო კალათები პირადად გადასცა ცენტრალურ და ძველ თელავში მცხოვრებ შეჭირვებულ მოსახლეობას.

გიგა ორკოდაშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისა და სახლში დარჩენისკენ.

“სასურსათო კალათების დარიგებაში ჩემთან ერთად ჩართულები იყვნენ ცენტრალურ თელავში მერის წარმომადგენელი თემურ მეტრეველი და ძველ თელავში მერის წარმომადგენელი დავით წიქარაძე და მისი სპეციალისტი ნათია ბაგაური. თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოციალური კატეგორიის და საჭიროების მქონე ოჯახებს უკვე 3 ათასზე მეტი სასურსათო პაკეტი გადაეცა“, - განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.

უახლოეს დღეებში დაიწყება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპი. არამალფუჭებადი პროდუქტების კალათს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 3 146 აღსაზრდელი მიიღებს. თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგიც. შემოწმება უკვე 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა, თუმცა საეჭვო სიმპტომები არცერთ მათგანს არ გამოუვლინდა.

Share page