„თელავი 7 ბორცვზე“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

30 October, 2020

თელავში, „ძველ ბაღში“ პროექტის „თელავი 7 ბორცვზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი ისტორიული „7 ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარებას ითვალისწინებს, რომელზეც ქალაქი თელავია გაშენებული.

„ჩვენ დღეს თელავის მოსახლეობას წარვუდგინეთ ქალაქის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი „თელავი 7 ბორცვზე“. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია. პროექტის შემუშავება უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს", - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

პრეზენტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ზუზუმბოს გორაზე, გიგოს გორაზე და დაბახნების ბორცვზე ბილიკის მოწყობა, ზუზუმბოსა და დაბახნების ბორცვების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ერეკლე მეორის ქუჩის, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის, და ვაჟა-ფშაველას თეატრის სარდაფის რეაბილიტაცია და ა.შ.

Share page