საკრებულომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცა

5 March, 2021

თელავის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 25 პროექტზე მეტი განხორციელდება და ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 717 000 ლარი დაიხარჯება.

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის მოხრეშვა, სკვერების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ქსელის და ასევე ტრენაჟორების მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრები 27 ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს. ადგილობრივებმა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები თავად შეარჩიეს. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად შეხვედრებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა, მოსახლეობის ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო.  

წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, რომლის ძირითადი მოტივია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხის როგორც შემოსულობებში, ისე გადასახდელებში ასახვაში და შესასრულებელი სამუშაოების გათვალისწინებით თანხების დაზუსტებაში. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების შეტანა ასევე უკავშირდება  2021 წელს განსახორციელებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის მიზნით თანხის მობილიზებას.

Share page