ჩატარდა თემატური საღამო - "მადლობა თავისუფლლებისთვის"

9 April, 2019

თელავის კულტურის ცენტრში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი თემატური საღამო - „მადლობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა დავით ჯავახიშვილმა ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა გააცნო და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს მადლობა გადაუხადა.

დარბაზმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას, რის შემდეგაც, 9 აპრილის მოვლენების თვითმხილველებმა და ეროვნული მოძრაობის აქციების მონაწილეებმა ის მნიშვნელოვანი დეტალები გაიხსენეს, რამაც მათ მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა.

„ერთიანობის შეგრძნება, რომელიც იმ აქციების დროს გვქონდა იყო უდიდესი ბედნიერება. ასეთი გრძნობა მას შემდეგ აღარ განგვიცდია. ეს ემოცია ალბათ მხოლოდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებით შეიძლება განმეორდეს!“ - განაცხადა მსახიობმა ვანო იანტბელიძემ.

დაღუპულთა ხსოვნას „მრავალჟამიერი“ და „სალაღობო“ მიუძღვნა ფოლკლორულმა ანსამბლმა - „ებგური“. თემატური ლექსები წაიკითხეს თელავის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა, ხოლო თელავის მეორე სამუსიკო სკოლის ვიოლინოს ჯგუფის მოსწავლეებმა კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს.

საღამო სიმბოლურად დაასრულა სიმღერამ - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“...

გააზიარე