ნასამხრალი

ნასამხრალის ადმინისტრაციული ერთეული

ნასამხრალის ტერიტორიული ორგანო მდებარეობს თელავიდან 4 კილომეტრის დაშორებით. სოფელი განლაგებულია საავტომობილო და სარკინიგზო ხაზების გასწვრივ, თუმცა ნასამხრალი ადრეულ პერიოდში უფრო ქვემოთ, ჩრდილოეთისკენ მდებარეობდა. მოსახლეობა აქ გვიანი შუა საუკუნეების დროს უნდა დასახლებულიყო, დაახლოებით XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში. ეს ის პერიოდია, როცა შაჰ-აბასის რამდენიმე ლაშქრობის შედეგად, თითქმის დაცარიელებულია კახეთი და მთიდან ინტენსიურად იწყება მთიელ ქართველთა ჩამოსახლება. ამ პერიოდს “ფშაურ კოლონიზაციადაც” მოიხსენიებენ. სწორედ ამიტომ ნასამხრალშიც მთის მოსახლეობა ჭარბობდა. მეფე ერეკლე მეორის დროინდელი ყმათა სიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოფელი საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო. მოხსენიებულია გვარები, რომელიც საერთოდ აღარ არსებობს. აქ უცხოვრიათ დიდი რაოდენობით ხარატიშვილებს, ჯომარდიშვილებს, ჭიჭიაშვილებს და სხვ. ასევე დასავლეთ საქართელოს წარმომადგენლებს, მაგალითად ჭიაურელებს. დღეის მდგომარეობით, სოფელში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ბაღათრიშვილი და ურჩუხიშვილი, ასევე ტეტიაშვილი, ხატიაშვილი, მტირალაშვილი, შოშიკელაშვილი და სხვ.
გადმოცემის მიხედვით სოფელში არაერთ კოლორიტულ პიროვნებას უცხოვრია. გოლიათური აღნაგობის ნინიას, ზედმეტსახელებით მოხსენიებულ ბეჭდაუდებელ ფალავნებს: ძუგარას, ჭრიას, კვანჭილას, გუთნისდედას და მომღერალ ლაზარეს. მელექსე სოსიას, ქართული ტრადიციების დიდ მოამაგეს “პურმარილის ღმერთად” წოდებულ კიკოლიკას და ა.შ.
ხშირად ნასამხრალს მოიხსენიებდნენ როგორც “ნასომხარი”. თუმცა ის ფაქტი, რომ აქ სომხები ცხოვრობდნენ არცერთ მატერიალურ თუ წერილობით წყაროებში არ არსებობს. არც მეფე ერეკლეს დროინდელ ყმათა სიებში, არც სოფლის სამხრეთ დასავლეთით მდებარე ძველი სასაფლაოს საფლავის ქვებზე. შესაძლოა 1779 წელს, ერეკლე მეორის მიერ ერევნიდან წამოყვანილი სომხური მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელთა მიზანი იყო საქალაქო ცხოვრების აღორძინება, დროებით გააჩერეს ამ ტერიტორიაზე, სანამ მათ მუდმივ საცხოვრებელს გამოუყოფდნენ და აქედან შემორჩა “ნასომხარი” ანუ ადგილი სადაც სომხები იდგნენ.
ნასამხრალში რამოდენიმე ეკლესიაა, მათ შორის: დედა ღვთისმშობლის სახელობის, მაცხოვრის, წმინდა გიორგის და კვირიკეს.
ამჟამად სოფელში 200 კომლი ცხოვრობს. ძირითადი სამეურნეო დარგებია მევენახეობა და მემინდვრეობა. შემდგომი განაშენიანების მიზნით, სოფელს საუკეთესო პერსპექტივები გააჩნია.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ნიკოლოზ ბაღათრიშვილი


მობ: 599-85-77-54
E-mail: nasamxrali.telavi@gmail.com

სპეციალისტი
  • შორენა გრემელაშვილი - მობ: 555-32-77-30


გადიდებული რუკის ნახვა
გააზიარე