პედაგოგთა არქეოლოგიური ბანაკი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში დასრულდა

6 აგვისტო, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას: „არქეოლოგიური ბანაკი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში“.

მიმდინარე წელს, გეგმის შესაბამისად, პროექტში ჩაერთნენ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები.

პროექტის ფარგლებში ბანაკის წევრებმა მოინახულეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი, პეტრას ციხე, ქობულეთის ფიჭვნარი;

პედაგოგები ჩაერთნენ არქეოლოგიურ ექსპედიციებში, შეისწავლეს არქეოლოგიური საველე დავთრების წარმოება, მოპოვებული არტეფაქტების გაწმენდა-პრეპარაცია, ნაშთების კონსერვაცია, ჰუმუსის მოხსნა და ა.შ.

დაათვალიერეს ბათუმის არქეოლოგიური და მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, ხელვაჩაურის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი, ასევე, მოისმინეს ლექცია-სემინარები აჭარის რეგიონის ისტორიის და რეგიონში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.

პროექტი - „არქეოლოგიური ბანაკი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში“ ყოველწლიურად ხორციელდება და ითვალისწინებს საქართველოს ორ რეგიონს შორის მჭიდრო თანამშრომლობას როგორც საგანმანათლებლო, ასევე ტურისტული და კულტურული მიმართულებით.

გააზიარე