ცხელი ხაზი : 574 17 96 23

ფშაველი

ფშავლის ადმინისტრაციული ერთეული

ფშავლის ადმინისტრაციული ერთეული აერთიანებს სოფლებს - ფშაველი და ლეჩური.

სოფელი ფშაველი მდებარეობს მდინარე სტორის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 460 მეტრზე. თელავიდან დაშორებული 35 კილომეტრით.  სოფელზე გადის თელავი-ომალოს საავტომობილო გზა.   2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1624 ადამიანი. 

სოფელი ფშაველის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს 2 ვერსია:
ერთ-ერთი ვერსიით, სახელი ფშაველი ფშიანი ველისგან წარმოსდგება.  
უფრო გავრცელებული ვერსიით კი, ამ ტერიტორიაზე ფშავლებს ჰქონდათ სახატე ზვრები (რაც უტყუარი ჭეშმარიტებაა). მათი ვენახები იყო დღევანდელი ადმინისტრაციული შენობის, ამბულატორიისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვენახებს ქვითკირის გალავანი ჰქონია შემოვლებული. იქვე ყოფილა მარანი. დღესაც შემორჩენილია  ტოპონიმის სახელწოდება  „ფშავლების ნავენახარი“. ეს ნავენახარი 1960 წელს პროფესორ ვერა  ბარდაველიძის ხელმძღვანელობით უკანა ფშავში ჩატარებულმა ეთნოგრაფიულმა ექსპედიციამ გამოავლინა. ბარდაველიძე გადმოგვცემს: „წყაროსთაულის წმინდა გიორგის სახატოები არ ჰქონდა, ხოლო ჰქონდა მამულები და ვენახები კახეთში მეფეებისგან მიღებული. როცა თათრებს ებრძოდნენ ჩვენი ძველები, მაშინ წყაროსთაულის დროშასაც უვლია იქ და ხალხსაც, საბრძოლველად. მტერი რომ დაუმარცხებიათ, მეფეს შეუწირავს წყაროსთაულისათვის ერთი მამული ლალისყურში და ერთი ფშაველში“.
აქვე ირკვევა მეორე საინტერესო ფაქტიც: როდესაც მეფეს შეუწირავს ხატისთვის ზვარი ფშაველში, ამ სოფელს უკვე რქმევია ფშაველი. 
ფშავლებს რომ კახეთში სახატე ზვრები ჰქონდათ, ამაზე გაზეთი დროების 1880 წლის 102-ე ნომერშია მოთხრობილი: „ხატებს აქვთ საკუთარი ვენახები კახეთში. ეს ვენახები შემოყორღნილია საზოგადოების (თემის) საკუთრებად, რომელშიც იმყოფება ხატი.“

ფშავლის ვენახების მსგავსად, კახეთის სხვა სოფლებშიც სახატე ზვრები შემოყორღანებული ყოფილა. სახატე ზვრებს ეწოდებოდა იმ საზოგადოების სახელი, რომლის საკუთრებადაც ითვლებიოდა. წყაროსთაულის წმინდა გიორგის ხატი კი უკანა ფშავის საზოგადოებას ეკუთვნოდა, ამიტომ სახატე ზვრებს „ფშავლების ვენახი“ დაარქვეს.

ვაჟა-ფშაველას აქვს აღნიშნული, რომ ლაშარის ჯვარს ზვარი აქვს ახმეტაში (ტ. 7, 1956). ახმეტაშივე ჰქონია ზვარი და ვენახი თამარის ხატსაც (ვ. ბარდაველიძე, ივრის ფშავლები ენიმკო, ტ.11 ). დ. ხიზანიშვილის ცნობით, ფშაველ კერძო პირებსაც ჰქონიათ ზვერბი კახეთში: „ღვინო ზოგიერთებს შინაურიც მოეპოვებათ, რადგან ვენახები აქვთ კახეთში“ (გაზ. „ივერია“ 1889#140). 
ვაჟა-ფშაველას ვაჟი ვახტანგ რაზიკაშვილი იგონებს: „მამას ართანაში და ახმეტაში ვენახები ჰქონდა, მეზვრეცა ჰყავდა. მეზვრე ვენახს სანახევროდ აკეთებდა. მამაჩემს თავისი წილი ღვინო თიანეთის გზით ცხენებზე აკიდებული ტიკებით მოჰქონდა ცარგალში და ქვევრებში ასხამდა“ (მამაჩემი ვაჟა-ფშაველა, 1966). 

ისტორიულ წყაროებში სოფელი ფშაველი პირველად XVIII საუკუნეში იხსენიება, თუმცა სოფლის ისტორია გაცილებით ადრე იწყება...  
ფშაველის მიდამოები, „შტორის ხეობა“ და „შტორის ერისთავები“ ხშირად იხსენიება ქართულ ნარატიულ საისტორიო წყაროებში უკვე VIII საუკუნიდან. ამ დროისთვის მდინარე სტორის ხეობა უკვე გარკვეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელსაც ადგილობრივი ერისთავი განაგებდა. შტორის საერისთაოსთან დაკავშირებით ხშირად იხსენიებენ „ნახჭევნის ციხეს“, რომელიც VIII-XI საუკუნეში არა მხოლოდ სტორის ხეობის, არამედ მთელი კახეთის მასშტაბითაც უძლიერესს ციხესიმაგრეს წარმოადგენდა.

კახეთის ნახჭევნის ციხესიმაგრე სტორის ხეობის გასაღებად ითვლებოდა. მისი აღება და შტორის საერისთავოს დამორჩილება კახეთში გაბატონების ერთ-ერთი საწინდარი იყო. კახეთის შემოსამტკიცებლად წარმოებული ბრძოლებში საქართველოს მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ შტორის ხეობაში ნახჭევნის აღებას. ჩვენ სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ ზუსტად არ არის განსაზღვრული თუ სად მდებარეობდა ეს ციხესიმაგრე. ვახუშტი ბატონიშვილის ვარაუდით, იგი იგივე ლალისყურის ციხესიმაგრეა. სათანადო ისტორიული მასალის გათვალისწინებით, ისტორიული შტორის საერისთავოს ეს უძლიერესი ციხესიმაგრე, სავარაუდოდ, სწორედ სოფლების ფშავლისა და ლალისყურის მიდამოებში უნდა იყოს გაშენებული, რასაც გვაფიქრებინებს ორივე სოფელში მიკვლეული ადრეული შუა საუკუნეების ძეგლი, მათ შორის ციხესიმაგრეთა ნანგრევები. მაგალითად ჩოლოყაშვილების ზემოთ არის მეტად საინტერესოდ ნაშენი „ტალის ციხედ“ მოხსენიებული ციხესიმაგრის ნანგრევები. გამორიცხული არ არის, რომ ფშაველი და მისგან 1 კილომეტრზე დაცილებული ლალისყური თავდაცვის ერთიან კომპლექს ქმნიდა, რომელიც მდინარე სტორის ქვეყანას უწევდა კონტროლს. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ შუა საუკუნეებში კახეთისა და თუშეთის - გომეწრის თემის - დამაკავშირებელი საქართველოს ეკონომიკაში უდიდესი მნიშვნელობის მქონე მაგისტრალური გზა სწორედ შტორის ხეობაზე და კერძოდ, ფშაველზე გადიოდა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ამ პუნქტის მნიშვნელობას. 

გვიანდელი შუა საუკუნეებში ფშაველი თორღის საციხისთავოში შედიოდა და სამეფო-სახასო საკუთრება იყო სხვა შიდა ციხეების მსგავსად, ფშაველ-ლალისყურის მიდამოებში მდებარე ნახჭევნის ციხესიმაგრესაც, საქართველოს ერთიანობის ხანაში - XI-XV საუკუნეებში რამდენიმე დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეებში „ლეკიანობის“ ჟამს, კვლავ იწყება კახეთის შიდა ციხესიმაგრეთა მნიშვნელობის ზრდა და მათი შენება. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სოფელ ფშაველში, სრულიად ახალ, ვაკე ადგილზე აშენდა ციხესიმაგრე. ფშავლიდან გამოსული ლაშქარი კახეთის სამეფოს მესამე (რუსთავის) სადროშოს შემადგენლობაში ირიცხებოდა, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კი ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა. 

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან არსანიშნავია XVIII საუკუნის ციხესიმაგრე. სოფლის მახლობლად დგას ადრინდელი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი - "კოხტა ღვთისმშობელი", რომელშიც შედის გალავანი, ღვთიმშობლის ეკლესია, შედარებით მცირე მეორე ეკლესია, სასახლე და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობები.
სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგელებით: წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია, კოხტა ღვთისმშობლის კომპლექსი, წმინდა ევსტატეს ეკლესია, ტალის ციხე, იოანე მახარობლის ეკლესია, ზვარელის წმინდა გიორგის ეკლესია. 
ფშავლის მოსახლეობის ძირითად საქმიანობას მესაქონლეობა წარმოადგენს.
სოფელი ყოველი წლის 2 მაისს აღნიშნავს სახალხო დღესასწაულს.

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ვალერი აბრამიშვილი
 


მობ: 551 599825

E-mail: fshaveli.telavi@gmail.com

 

სპეციალისტი

  • თამარ ხმიადაშვილი - მობ: 571 516263


გადიდებული რუკის ნახვა

 

გააზიარე