ცხელი ხაზი : 574 17 96 23

საკრებულომ მხარი დაუჭირა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ქვეპროგრამაში ცვლილების პროექტს

13 აგვისტო, 2020

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ქვეპროგრამაში ცვლილების პროექტს. საკრებულოს განკარგულებით,   ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების მიზნით მერიაში კონკურსანტების განაცხადების წარდგენის ვადა 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ინიციატორია საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". 

დღესვე წარმომადგენლობითმა ორგანომ მოიწონა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადება, რომელიც იყალთოს სამონასტრო კომპლექსთან არსებულ მეწყერულ უბანზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

საკრებულოს დადგენილებით, თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება „ნადიკვარს“ დაფინანსება გაეზარდა 45 000 ლარით. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახირის უფროსის, ნათია ვაყელიშვილის განმარტებით, „ნადიკვრისთვის“ დაფინანსების მომატება უკავშირდება კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე საკუთარი შემოსავლების არქონას.  

დღესვე საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებისა და ასევე საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ. წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ასევე ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა და ადმინისტრაციული სამსახურებისა და მერიის დებულებებსა და მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის მიზნით. 

 

 

 

გააზიარე