საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ მოქალაქეთა ინიციატივა მოიწონა

21 იანვარი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე განხილეს პროფესორ თენაგიზ სიმაშვილისა და მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება, რომელიც გულისხმობს ე.წ. „გიგოს გორაზე“ რეპრესირებულთა მომრიალური პარკის მოწყობას.

სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიამ მოქალაქეთა ინიციატივა მოიწონა და მიზანშეწონილად მიიჩნია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა განახორციელოს შესაბამისი პროცედურები, რათა „გიგოს გორა“, როგორც რეკრეაციული ზონის მქონე ტერიტორია, იქცეს მემორიალურ პარკად.    

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქალაქეთა ინიციატივის განხილვას გააგრძელებს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ წარმომადგენლობითი ორგანო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძემ.

კომისიამ ასევე იმსჯელა თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე. მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებების მთავარი მიზანია 2020 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის ნაწილის ასახვა, რომლითაც ბიუჯეტის გადასახდელებში გარდამავალი პროექტების, ვალდებულებების და მიმდინარე წელს განსახორციელებლი ღონისძიებების დაფინანსების მხრივ შევა ცვლილებები.

     

გააზიარე