საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ სხდომა ჩაატარა

19 სექტემბერი, 2019

 

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა.

სხდომაზე განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებაში ცვლილების პროექტი.

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, პროექტის მიზანია საკრებულოს დადგენილების საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა და ამავე დროს მერიის იურიდიული სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს მიეცეს სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესაძლებლობა აღნიშნული კოდექსის საფუძველზე. 

ნანა ხვისტანმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილების პროექტის დამტკიცება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე დაკისრებული საჯარიმო სანქციების შემოსვლის გზით.  კომისიამ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა.

ხვისტანმა სხდომაზე დეპუტატებს გააცნო სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნა, რომელიც გულისხმობს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის გამოკლებული წევრის, ლევან ოთიურიძის ადგილმონაცვლედ ირაკლი სულხანიშვილის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატად წარდგენას.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროპორციული სიით  არჩეულ დეპუტატ ლევან ოთიურიძეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 30 აგვისტოს უფლებამოსილება შეუწყდა.

 

გააზიარე