სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

22 მარტი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე იმსჯელეს საკრებულოს განკარგულების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს თელავის მუნიიპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემას, კახეთის დანარჩენ 7 მუნიციპალიტეტთან ერთად დააფუძნოს მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო. პროექტი კომისიის წევრებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა გააცნო. ლევან ბერძენაშვილის განმარტებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

„გურჯაანში დასრულდა ცხოველებთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა. ცხოველთა თავშესაფარი განთავსებულია შემოღობილ ტერიტორიაზე და აღჭურვილია ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თელავში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, - განაცხადა ლევან ბერძენაშვილმა.

კომისია მხარს უჭერს, რომ განკარგულების პროექტი ამ სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიულია აქტის პროექტი. დადგენილების მიღების მიზანია სამართალდამრღვევის პირისათვის ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ფოსტიდან დაბრუნებული საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება.

გარდა ამისა, კომისიამ მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებასა და ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში ცვლილებების შეტანის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ვადები განსაზღვრა, რომელსაც საკრებულოს წარუდგენს.

ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის - გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმისა და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების მიზნით კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ იმსჯელა.

ბიუროს სხდომა 23 მარტს, 16 საათზე ჩაინიშნა. 

 

გააზიარე