ცხელი ხაზი : +995(350)273106

საშობაო ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა

10 იანვარი, 2020

საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით ნაყიდი პროდუქტები და საშობაო „ალილოზე“ შეგროვებული შემოწირულობა თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ და მერის პირველმა მოადგილე დავით ბეგიაშვილმა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად საშობაო ნობათი 30 ოჯახს გადასცეს და შობა-ახალი წელი მიულოცეს.

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა შეაგროვეს გარკვეული თანხა, რითაც ვიყიდეთ ხილი, ტკბილეული, პროდუქტები, რომელსაც დაემატა საშობაო „ალილოზე“ შეგროვებული შემოწირულობა. საშობაო ნობათი თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს გადავეცით, სადაც არიან უდედმამო ან შშმ ბავშვები ან მშობლებს სამზე მეტი შვილი ჰყავთ. ალილოზე შეგროვდა დაახლოებით 1000 ლარი, საიდანაც საკრებულოს ფინანსურმა მხარდაჭერამ 730 ლარი შეადგინა. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი დავით მაისურაძე“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ. 

„ალილოს,, სადღესასწაულო მსვლელობა თელავში წელს პირველად ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სასულიერო პირებმა, მოქალაქეებმა და კომპანიებმა „ნექტარმა“ და „ალალიმ“ მიიღეს.

საშობაო „ალილო“ ალავერდის ეპარქიისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.    

 

          

გააზიარე