სოფელ ყარაჯალაში რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

4 ივნისი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. სოფელ ყარაჯლის საჯარო სკოლის ეზოში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს, სადაც მათ შეასრულეს ქართული და აზერბაიჯანული სიმღერები და ცეკვები. დღესასწაულის ფარგლებში ასევე გაიმართა დოღი.

რამაზან ბაირამი ადგილობრივ მოსახლეობას მიულოცეს თელავისა და ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა, ყარაჯლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ მუსაევმა, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილე გიგა მამუკელაშვილმა და თელავის მერის პირველმა მოადგილე დავით ბეგიაშვილმა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეებისთვის. მინდა, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ კეთილდღეობა და წარმატებები. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა.


„დღეს დასრულდა ერთთვიანი მარხვა და ვზეიმობთ რამაზან ბაირამს. მინდა, ჩემს ყველა თანასოფლელს და, ზოგადად, ყველა მუსლიმს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის სიყვარულის, იმედისა და გაჭირვებულთა დახმარების დღესასწაული. ჩემი დიდი სურვილია, რომ გაჭირვებული ადამიანები აღარ იყვნენ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ყარაჯლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ მუსაევმა. რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა და მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ალაჰმა მუსლიმებს ყურანი სწორედ ამ პერიოდში გაუგზავნა.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე