ცხელი ხაზი : 574 17 96 23

თელავის მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის ცნობის მიღება მაქსიმალურად გამარტივდა

31 აგვისტო, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს პროექტებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა დღეიდან ადგილზე მიიღებს სხვადასხვა სახის ცნობას, მათ შორის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, ოჯახური შემადგენლობის, მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაციის გაცემა მერის წარმომადგენლებს შეეძლებათ. საკრებულოს დადგენილებით, შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციული, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურებისა და მერიის დებულებებში შევიდა. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ასევე მიენიჭათ ის უფლებამოსილებები, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

აღნიშნული საკითხების კენჭისყრაში, რომელიც მოსახლეობას სხვადასხვა სახის ცნობის მიღება მაქსიმალურად უმარტივებს, ოპოზიციის ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო ნაწილი კი ამ პროექტის დამტკიცების წინააღმდეგ წავიდა.  საკრებულოს სამივე დადგენილებაში ცვლილებების შეტანა უკავშირდება ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში 2020 წლის 28 ივლისს განხორციელებულ ცვლილებებს.  

საკრებულოს უმრავლესობამ ასევე მხარი დაუჭირა მერიის მიერ ინიცირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დაქვემდებარებაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შექმნას გულისხმობს, რომლის მოტივია 2019 წლის 20 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“.  მისი მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და განსაზღვრავს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. აღნიშნული კოდექსის თანახმად, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისი ცვლილებები მერიისა და ამინისტრაციული სამსახურების დებულებესა და მერიის საშტატო ნუსხაში შევიდა. ოპოზიციის ნაწილმა ამ პროექტების დამტკიცების კენჭისყრაშიც არ მიიღო მონაწილეობა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა ერთმა წევრმა კი მხარი არ დაუჭირა.  

საკრებულოს დადგენილებით, თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომელიც უკავშირდება იყალთოს ხევში, სამონასტრო კომპლექსთან არსებულ მეწყერულ უბანზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებელი სამუშაოების თანადაფინანსებისთვის თანხის მობილიზებას, ასევე, სოფელ ნაფარეულის სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, დაკავებული საგარანტიო თანხის ანაზღაურებისათვის თანხის ასახვას.

საკრებულო განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში, შალაურსა და ყარაჯალაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა და დამტკიცდა მათი პრივატიზაციის გეგმა. მიწის ნაკვეთების გაყიდვის შემდეგ ბიუჯეტში 13 000 ლარზე მეტი შემოვა.

დღევანდელ სხდომაზევე საკრებულოს დადგენილებით დამტკიცდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, მისი ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა. ნორმატიული აქტის მიღება უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების ნორმებს, რომელთა თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება და დაამტკიცოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, უზრუნველყოს პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილებები და განკარგულებები მიიღო საკრებულომ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობას გაუმარტივდება სხვადასხვა სახის ცნობის მიღება და მათ ამ დოკუმენტაციის აღების შესაძლებლობა თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულში ექნებათ. ყველა ნორმატიული აქტში, რომელიც დღეს საკრებულოს უმრავლესობის წევრების მხარდაჭერით მივიღეთ, მოსახლეობის ინტერესები და საჭირობები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ. 

გააზიარე