თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის პირველი სამუშაო დღე თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო

22 ნოემბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ლევან ანდრიაშვილი მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.

ლევან ანდრიაშვილი თანამშრომლებს საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ და პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა წარუდგინეს.

ლევან ანდრიაშვილმა თელაველებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მხოლოდ გუნდური მუშაობით და მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციით იქნება შესაძლებელი შედეგზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელება.

,,დღეს ოფიციალურად შევუდექი ჩემს საქმიანობას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე. უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია იყო მშობლიური ქალაქის მერი. ჩვენ აუცილებლად ვიხელმძღვანელებთ თელავის ყველა მოქალაქის ინტერესებით, მათი პოლიტიკური გემოვნებების, ასაკის, სოციალური სტატუსისა თუ საქმიანობის მიუხედავად. ერთად შევქმნით გარემოს სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ განათლების და ღირსეული დასაქმების საშუალება ხოლო ბიზნესისთვის შეიქმნება განვითარების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგზე ორიენტირებული რეფორმებით და გუნდური მუშაობით ჩვენ ერთად შევძლებთ გავხადოთ უძველესი ისტორიის მქონე თელავი თანამედროვე ინფრასტრუქტურის ქალაქად.,, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

გააზიარე