ცხელი ხაზი : 574 17 96 23

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

28 დეკემბერი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალ წელს კვლავ 50 000 ლარით დაფინანსდება საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით შექმნილი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, მათი ნოვაციური/ინოვაციური ინფრასტრუქტურული ინიციატივების მხარდაჭერა.

2021 წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია თანხა თელავის მუნიციპალიტეტის იმ წარმატებული სპორტსმენების, სპორტული კლუბების წევრების და მათი მწვრთნელების ფინანსურად წასახალისებლად, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში იასპარეზებენ და მაღალ სპორტულ შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილს ეკუთვნის.

გარდა ამისა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით ბიუჯეტში განსაზღვრულია თანხა თელავის მუნიციპალიტეტში არსებული მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში თხევადი აირის სუბსიდირებისთვის.

მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს მხარი, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა წარადგინეს. შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, სადაც მერიამ წარმომადგენლობითი ორგანოს თითქმის ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია გაითვალისწინა, 23 მილიონ 14 ათას 500 ლარით განისაზღვრება. მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ მთავარ საფინანსო დოკუმენტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

ბიუჯეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა და გარემოს დაცვა.

დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, ცვლილება შევიდა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაშიც. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანა უკავშირდება 2020 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფუნქციონირების პერიოდში გამოვლენილი პრაქტიკის შესაბამისად, ამ მიმართულებებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების მიზნობრივი და ოპტიმალური ხარჯვის გაუმჯობესებას.

საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 11 საკითხზე იმსჯელა და ყველა მათგანს დაუჭირა მხარი.

 

 

გააზიარე