ცხელი ხაზი : 574 17 96 23

თელავის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი ავტობუსი გადაეცა

29 ოქტომბერი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 8.5 მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის 5 ავტობუსი გადასცა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

"მიმდინარეობს ავტობუსების დეპოს მშენებლობა, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამის პარალელურად საკონსულტაციო კომპანია თელავში აწარმოებს მარშუტებისა და გასაჩერებელ ადგილების წინასწარ დაგეგმვას. პირელ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით 10 ავტობუსი იმოძრავებს, ხოლო მომავალ წელს დამატებით 20-25 ავტობუსი გადმოგვეცემა. ავტობუსის გასაჩერებლების მოწყობა დაიწყება ნოემბერში, მანამდე კი მიმდინარეობს მოკვლევა. თელავი, რომელსაც აქამდე არ გააჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი, განვითარების ახალ სტანდარტზე გადავა. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, ასევე, ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის", - აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.

ახალი ავტობუსები გათვლილია 60 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და თელავის გარდა, ავტობუსების გადაცემას კიდევ 5 მუნიციპალიტეტისთვის ითვალისწინებს.

 

გააზიარე