თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ 24 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

29 ოქტომბერი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში დასაფინანსებლად კიდევ 24 საპროექტო წინადადებას წარადგენს. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა რეგფონდისთვის წარსადგენი საპროექტო წინდადადებები, რომლებიც მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზებისა და წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

საკრებულოს განკარგუკებით, ცვლილება შევიდა მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულებაში, რომელიც ეხება ძეგლთა დაცვის განყოფილების საქმიანობასა და ფუნქციებს.

წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასა და პრივატიზების გეგმის დამტკიცებას. მიწის ნაკვეთების გაყიდვის შემდეგ ბიუჯეტში დამატებით 6000 ლარზე მეტი შევა.

საკრებულომ მერს მისცა თანხმობა, გასცეს ადმინისტრაციული დაპირება, რომელიც ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თელავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საფუხებურთო კლუბ „თელავსა“ და მერიას შორის 2019 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული პირობიანი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელებას.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ყოველწლიურად გადის საკლუბო ლიცენზირებას, სადაც ერთ-ერთ მოთხოვნად მითითებულია, რომ კლუბმა მომდევნო სეზონის ვარჯიშები და თამაშები უნდა ჩაატაროს კლუბის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ სტადიონზე, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სეზონის სრული პერიოდი.

იმისათვის, რომ თელავის საფეხბურთო კლუბს ხელი შევუწყოთ საკლუბო ლიცენზირების მიღებაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია შ.პ.ს. „საფეხბურთო კლუბ თელავზე“ გაიცეს ადმინისტრაციული დაპირება, რომელიც გულისხმობს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება 2021 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისი განცხადებით საფეხბურთო კლუბის გენერალურმა დირექტორმა განცხადებით მომართა  თელავის მუნიციპალიტეტის მერიას“, - განაცხადა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი თავბერიძემ.

წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, მერს ასევე მიეცა თანხმობა:

• თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიხეილ ჯიდალიშვილისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე;
• თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე 240 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობის შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ;
• თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების სს „სილქნეტისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე.

 

 

გააზიარე