თელავში, ჭადრის ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს

3 დეკემბერი, 2021

თელავის სავიზიტო ბარათის, ისტორიული ჭადრის ხის სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, მოხდება არასწორად მზარდი ტოტების ამოსხვლა და უსაფრთხოების მიზნით ხიდან ხმელი ტოტების მოცილება. ადგილზე მიმდინარე პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი სპეციალისტებთან ერთად გაეცნო.

,,ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში უკვე არსებული რეკრეაციული სივრცების მოწესრიგება და ახალი რეკრეაციული ადგილების შექმნაა. ისტორიული ჭადრის ხე, რომელიც 900 წელზე მეტს ითვლის, ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში მოხდება ჭადრის ხიდან ხმელი ტოტების მოშორება, არასწორად მზარდი ტოტების ამოსხვლა და სხვა საჭირო ღონისძიებებების განხორციელება. ხე ზაფხულში მავნებლების საწინააღმდეგო პრეპარატებითაც შეიწამლა. მერია ყველა ღონისძიებას გაატარებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის სიმბოლო კიდევ დიდხანს შევინარჩუნოთ." - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

,,მიმდინარეობს ხის სხვლა-ფორმირება.

სხვლა მიმდინარეობს იმისათვის რომ ხე გახდეს უფრო ქარგამტარი, ხდება ასევე ამონაყარების ოპტიმიზაცია, არასწორად მზარდი ტოტების ამოსხვლა, დამჭერ ბაგირებზე ტოტების ამოღება, შემდგომში დაცული რომ იყოს ეს ბაგირები გაფუჭებისგან. უსაფრთხოების მიზნით ხეს მოცილდება ხმელი ტოტებიც, შემოწმდება ბაგირების ვარგისიანობა.,,- განაცხადა სატყეო მეურნეობისა და ურბანული გამწვანების ექსპერტმა, დავით სამხარაძემ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ნიუ სერვისი,, ასრულებს.

 

 

გააზიარე