თელავში "ერეკლეობა 2019" ჩატარდა

8 ნოემბერი, 2019

თელავში მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 299 წლისთავი აღინიშნა. "ერეკლეობა 2019"-ის  ფარგლებში ღონისძიებები დილიდან დაიწყო.

მთავარანგელოზის სახელობის მეფის კარის ეკლესიაში დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი წირვა და პანაშვიდი აღავლინა.

მეფის სასახლის ეზოში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების "მზე შინას" და "პატარა კახის", ასევე ქალთა კაპელას - "კახეთის ჰანგების" მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თელავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო ხალხური რეწვის, ხელნაკეთი ნივთების, თანამდეროვე მხატვართა ნამუშევრების პავილიონები და საბავშვო ატრაქციონები.

ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში თელაველი თვითნასწავლი მხატვრის - ბექა ხუცურაულის გამოფენა მოეწყო.

დღესასწაულის ფარგლებში ფოლკლორული ფესტივალები -  "ფუძეობა" და "ერეკლეობა" ჩატარდა. 

დღის ბოლოს კი 2019 წლის საპატიო თელაველები დასახელდნენ:

► მუსიკოსი - სოსო სოსლანბეგ შავლოხოვი;
► პროფესორი - თენგიზ კაციტაძე;
► მეცენატი ანზორ - ჯაფარიძე;
► პროფესორი - მაყვალა მიქელაძე;
► პედაგოგი - ლირა სუმბაძე;
► ექიმი - ბელა აფხაზავა;
► პედაგოგი - ლია მუმლაური.

ღვაწლმოსილი თელაველები წოდების დამადასტურებელი მედლებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა დააჯილდოვა.
ერეკლეობის დღესასწაული საპატიო თელაველებს და შეკრებილ საზოგადოებას თელავისა და ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმაც მიულოცა.

სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა 2019“ გალა-კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

 

 

 

 

გააზიარე