თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

10 სექტემბერი, 2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თელავში, სოხუმის ქუჩაზე, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.დევნილებს ენდოკრინოლოგიურ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდათ.

დანიშნულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

პროგრამის მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ლევან ჩაკვეტაძესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლებს სხვა წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრო.

 სამედიცინო გასინჯვები სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

 

გააზიარე