თელავში "სმენისა და მეტყველების სახლი" გაიხსნა

12 დეკემბერი, 2019

 

თელავში  რეაბილიტაციის ცენტრი „სმენის და მეტყველების სახლი“ გაიხსნა. რეაბილიტაციის ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ და ASB საქართველოს დირექტორმა დიმიტრიე ტოდოროვიჩმა გახსნეს. ცენტრის მიზანია, მომსახურება მიაწოდოს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სმენის დაქვეითების, კოხლეარული იმპლანტის მქონე და მეტყველების დარღვევის მქონე 0-18 წლამდე პირებს.

„სმენის და მეტყველების სახლის“ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ორგანიზაცია "მოვუსმინოთ სამყაროს“.  საკრებულოს 2019 წლის 27 სექტმებრის განკარგულებით, ორგანიზაცია „მოვუსმინოთ სამყაროს“ სმენის და მეტყველების სახლისთვის 2 წლის ვადით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა დავით რექტორის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული ფართი.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია შშმ პირთა უფლებების დცვა და მხარდაჭერა და რეაბილიტაციის ცენტრიც ამ მიზანს ემსახურება. „სმენის და მეტყველების სახლს“ თელავის მუნიციპალიტეტი შესაძლებლობების ფარგლებში მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მხარდაჭერას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.

რეაბილიტაციის ცენტრი ჩამოყალიბდა ევროკავშირის დაფინანსებით ASB საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის" ფარგლებში.

ღონისძიებას ეროვნული გვარდიის XX კადრირებული ბრიგადის მღვდელი კონსტანტინე პაპალაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს , არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  

 

    

გააზიარე