თელავის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელი იქმნება

21 April, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელი შეიქმნება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებაში შესაბამისი ცვლილების პროექტი საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს.  

ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის მიზეზია 2021 წლის 1 იანვრიდან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის ამოქმედება, რომლის საფუძველზე მუნიციპალიტეტებს მიენიჭათ დელეგირებული უფლებამოსილებები სოციალური მუშაობის ჩატარების უზრუნველყოფის სფეროში.    

იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში ცვლილებების პროექტზე. 

დადგენილებაში ცვლილების შეტანა უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმის დამტკიცებასა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასაცემი საშვის ფორმაში მცირე სახელმწიფო გერბის ნაცვლად, თელავის მუნიციპალიტეტის გერბის დატანას.

საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ხვისტანის განმარტებით, დადგენილების ორივე პროექტი სამართლებრივად გამართულია. კომისია მხარს უჭერს აღნიშნული პროექტები წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით. 

 

Share page