ეკონომიკისა კომისიამ 9 მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის საკითხი განიხილა

28 June, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9 მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის საკითხი განიხილა.

კომისია მხარს არ უჭერს, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი საპრივატიზაციო ნუსხის დანართი ამ სახით გავიდეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე.

„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, რომ ქალაქ თელავში, რუსთაველი ქუჩა N116-ში მდებარე 122 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდოს და კომისიის მოსაზრებას ბიუროს სხდომაზე გავაჟღერებ.

სოფელ აკურაში მდებარე სამი სახნავი მიწის ნაკვეთისა და ასევე ქალაქ თელავში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთის გაყიდვის საკითხი კი ბიუროს სხდომაზე დეტალურად უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ შევიტანოთ თუ არა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში.

რაც შეეხება დანარჩენ ნაკვეთებს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სოფელ გულგულაში არსებული ორივე სახნავი მიწის ნაკვეთის და ქალაქ თელავში, თბილისის გზატკეცილზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონზე გასაყიდად გატანა“, - განაცხადა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე უჩა ჭოტიაშვილმა.   

სხდომაზე ასევე განიხილეს საკრებულოს განკარგულების კიდევ ორი პროექტი, რომელიც  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უცხოური არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „ვორლდ ვიჟენ საქართველოსთვის“ და ასევე „სოფელ ქვემო ხოდაშნის ქალთა საინიციატივო ჯგუფისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ ორივე პროექტი ამ სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

Share page