თელავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულომ პირველი რიგგარეშე სხდომა ჩაატარა

16 December, 2021

 

"საკრებულოს თავმჯდომარეს ეყოლება ძალიან გამოცდილი და კომპეტენტური მოადგილეები და ისინი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიების მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან და საკრებულოში შევქმნით მაქსიმალურად ეფექტურ მმართველობას", - ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

თენგიზ მთვარელიშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად მაქსიმალურად იქნებიან ჩართული ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც უპასუხებს მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ორიენტირებული იქნება მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

მისივე განმარტებით, წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მთავარი მიზეზი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საკრებულოს თავმჯდომარეს დამატებით ორი მოადგილე განესაზღვრა.

საჭირო გახდა საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივ სარგოებში ცვლილების შეტანა, რათა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება. საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ ცვლილებას მხარი დაუჭირეს. აღნიშნული დადგენილების დამტკიცება 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებას არ გამოიწვევს.

გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრს, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა, რათა მთავარ საფინანსო დოკუმენტში მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

საკრებულომ ასევე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებში, ასევე მერიის თანამდებობრივ სარგოებში ცვლილების შეტანის მიზნით. ნორმატიული აქტების პროექტების განსახილველად საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს დრო 22 დეკემბრამდე აქვთ, ხოლო საკრებულოს დასამტკიცებლად 1 იანვრამდე წარედგინება.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა. ამ საკითხს დეტალურად განიხილავენ საკრებულოს კომისიები. ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებამ გაუწიოს კონკურენცია კერძო სექტორს და ცხადია, ხელფასების ზრდა წაახალისებს პროფესიონალი კადრის მოზიდვას და ეს იქნება სწორად გადადგმული ნაბიჯი, რადგან ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს მანდატი, თოთეული საჯარო მოხელე წარმოადგენს სახელმწიფოს, ამიტომ მათი მოტივირება, მხარდაჭერა, ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება მათი ეფექტურობისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა თენგიზ მთვარელიშვილმა.

 

Share page