იყალთოში საბავშვო ბაღის შენობის სრული თბო-მოდერნიზაცია მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღის შენობის სრული თბო-მოდერნიზაცია მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - ,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“ შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით).
პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 748 695,6 ევროს.
მიმდინარე სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ია ლუარსაბაშვილი, მერიის თანამშრომლები და კონტრაქტორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.