იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

20 აგვისტო, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ექნებათ სხვადასხვა სახის ცნობის გაცემის უფლება და მიენიჭებათ ის უფლებამოსილებები, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მერის წარმომადგენლებისთვის აღნიშნული უფლებამისილებების მინიჭებას ითვალისწინებს ადმინისტრაციული, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა სამსახურებისა და მერიის დებულებებში ცვლილებების პროექტები. საკრებულოს სამივე დადგილებაში ცვლილების შეტანა უკავშირდება ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში 2020 წლის 28 ივლისს განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის შედეგად მუნიციპალიტეტის მერს მიენიჭა უფლებამოსილება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. დადგენილების პროექტები განიხილეს საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე.

კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ, რომლის მოტივია 2019 წლის 20 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“.

„ახალი კანონიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტისათვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დაქვემდებარებაში გათვალისწინებულია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების  შექმნა.  ახალი განყოფილების შექმნა იწვევს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხაში ცვლილებასაც“, - განაცხადა მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლევან ბერძენაშვილმა.

კომისიის წევრებმა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, მისი ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს. ნორმატიული აქტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების ნორმები, რომელთა თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება და დაამტკიცოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, უზრუნველყოს პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.

საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ხვისტანის განმარტებით, საკრებულოს დადგენილების ყველა პროექტი სამართლებრივად გამართულია. კომისიამ მხარი დაუჭირა ყველა პროექტი წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით. 

 

  

გააზიარე