თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა

25 ივნისი, 2020

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა. მხარეებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

,,პროექტი ევროკავშირისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ამჟამად იყალთოს საბავშვო ბაღში სრული დატვირთვით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. რამდენიმე თვის წინ, სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სპეციალური ტექნიკა გადაეცა, რომელიც ახდენს წალამის გადამუშავებას, შედეგად შექმნილი ბიომასა საბავშვო ბაღების გათბობისთვის გამოიყენება. სარეაბილიტაციო სამუშაოები თელავის 1 საბავშო ბაღსა და იყალთოს ბაღში განხორციელდება. ენერგოეფექტური ბაღის მთავარი მიზანი არის ის, რომ მოვიხმაროთ ნაკლები ენერგია და საწვავად გამოვიყენოთ სუფთა ბიომასა". - აღნიშნა შოთა ნარეკიშვილმა.

პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ევროკავშირის ელჩმა:

,,მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები კახეთში, რეგიონის მასშტაბით ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის არის იყალთოს საბავშვო ბაღის თბო-მოდერნიზაციის პროექტიც. რეგიონების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია. მე ვხედავ აქ ტრაქტორს, რომელიც ჩვენი პროექტის ფარგლებში შეიძინეს. სწორედ ამ ტექნიკის საშუალებით შეგროვდება ის საწვავი, რომელიც ზამთრის განმავლობაში შენობას გაათბობს. წალმის გამოყენებით, რომელიც კახეთში მრავლად არის, იქნება გათბობა უზრუნველყოფილი. ჩვენ ამით ენერგომოხმარების ეკონომიას მოვახდენთ და დაახლოებით ხარჯების 60% დაიზოგება. ძალიან მნიშვნელოვანაი, რომ ამ ენერგოეფექტურობის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შესაბამისი კანონი გავიდა" - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - ,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“ შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით). პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 748 695,6 ევროს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ოქტომბერში იგეგმება.

 

გააზიარე