თელავის ჩოგბრუთის კორტები ოფიციალურად გაიხსნა

25 ივნისი, 2024

თელავში ახლად რეაბილიტირებული ჩოგბურთის კორტები ოფიციალურად გაიხსნა.

განახლებული ინფრასტრუქტურით, თელავის კორტები ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც ღია, ასევე დახურულ კორტებზე შესაძლებელია მსოფლიო სტანდარტის, საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა.

რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო 6 ღია და 2 დახურული კორტი, რაც სპორტული ობიექტის, ყველა სეზონზე ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. განთავსდა ახალი ტრიბუნები, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები, სპორტსმენებისათვის მოეწყო საუნა. სრულად შეიცვალა განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება, რომელიც საპილოტე ინტეგრირებული რეგიონების განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა, 3 900 062 ლარს შეადგენს.

დღესვე გაიხსნა წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი - “Telavi Open”. ქალაქში ათეულობით ქვეყნის 100-მდე მოთამაშეა ჩამოსული.

კორტების გახსნას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები - ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი და გელა სამხარაული, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ჩოგბურთის ფედერაციისბ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

 

გააზიარე