საკრებულომ მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტში თხევადი აირით დახმარების პროგრამის განხორციელებას

26 თებერვალი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებსა და სოფელ ლეჩურში მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების პროგრამის განხორციელებას. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით შექმნილი პროგრამა 1 მარტიდან დაიწყება. 

წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილების მიხედვით, დახმარება ყოველთვიურად ტალონების სახით გაიცემა. ოჯახი მიმწოდებელი კომპანიისგან ყოველთვე, ერთჯერადად, 8 კგ. ოდენობის თხევად აირს უფასოდ მიიღებს.

დღესვე საკრებულომ თელავის მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი გენდერული თანასწორობის სტრატეგიაც დაამტკიცა.  დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას  თვითმმართველობის განხორციელების პროცესში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ქალის და კაცის თანაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას,  როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალური მიმართულებით.

წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მოიწონა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის საპროექტო წინადადებები. პროექტების მიხედვით, სოფელ თეთრიწყლებში შიდა საუბნის გზის რეაბილიტაცია და სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობაა გათვალისწინებული.

დღევანდელ სხდომაზევე წარმომადგენლობითი ორგანომ მერს თანხმობა მისცა,  ა(ა)იპ ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლს“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადასცეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 

გარდა ამისა, საკრებულომ მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ნაფარეულში მდებარე 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას.  

საკრებულოს დადგენიელბით, ცვლილება შევიდა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმაში. ცვლილება ასევე შეეხო მერის მიერ ამომრჩევლებისთვის წარსადგენი წლიური ანგარიშის ფორმასაც. 

საკრებულოს დღევანდელი დადგენილებით განისაზღვრა თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირება და ნორმატიული ფასი.

წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

 

გააზიარე