თენგიზ მთვარელიშვილმა საკრებულოს სხდომა საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების მილოცვით გახსნა

27 ივნისი, 2024

 

 

 

ჩვენ ვართ საქართველო! წინ საქართველო! ჯერ ვერ გამოვდივართ საოცარი ემოციებიდან. გუშინ დაუვიწყარი საღამო იყო, რომელიც ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გვაჩუქეს. თითოელ თქვენგანს, თელავის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს და სრულიად საქართველოს გილოცავთ ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, - ამ სიტყვებით გახსნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ.  

თენგიზ მთვარელიშვილმა ყველას მიულოცა ისტორიული გამარჯვება და საქართველოს ნაკრების ფეხბრთელებს შემდგომი წარმატებები უსურვა.

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია. უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რომ ჩვენმა გმირმა ბიჭებმა პორტუგალიის ნაკრები ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხეს და 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ფეხზე წამოვუდგეთ და ჩვენს გმირ ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადოთ. წინ უფრო დიდი გამარჯვებები გველის. მჯერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ოცნებებს კიდევ აგვიხდენს “, - განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.

საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, მთავარ საფინანსო დოკუმენტში შეტანილი ცვლილებებით ბიუჯეტიდან დაფინანსდება სადგურის ქუჩის რეაბილიტაციის, ქალაქ თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მოდერნიზებული და ენერგოეფექტური მოსაცდელების მოწყობის და ცივის მთის კალთებზე ტურისტული საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობის სამუშაოები.

მთავარ საფინანსო დოკუმენტში შეტანილი  15 ათას 292 ათასი ლარით "საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალისგან" მიღებული გრანტით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „Creative Compass Georgia“ ფარგლებში, ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვის განხორციელების მხარდასაჭერად, დაფინანსდება მუნიციპალიტეტში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა.

გარდა ამისა, საკრებულომ მერს მისცა თანხმობა თელავის მუნიციპალიტეტის სახელით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ), ჭადრის ხის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, გრანტი მიიღოს.

ამასთანავე წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, მერს ასევე მიეცა თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გაზსადენი მილი შ.პ.ს. „თელავგაზს“ გადასცეს იჯარის ფორმით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით. განკარგულების მიხედვით, „თელავგაზი“ უზრუნველყოფს სოფელ ლეჩურის მოსახლეობის გაზიფიცირებას და ამასთანავე საიჯარო ქირის შემოსვლით გაიზრდება მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები.

საკრებულომ მერს ამასთანავე მისცა თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით ფიზიკურ და იურდიულ პირებს გადასცეს.

წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მთავარ საფინანსო დოკუმენტსა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის მისაღებად.

გააზიარე