ქეთევან იაშვილის კოლექციის გამოფენა

4 July, 2018

2018წლის 3 ივლისს თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ოფიციალურად გაიხსნა ქეთევანი იაშვილის კოლექციის გამოფენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქეთევან იაშვილის მემკვიდრეები (ოთხი თაობა): მარინე რცხილაძე (დის შვილი), ქეთევან გვერდწითელი (დის შვილიშვილი), ალექსანდრე, ნინო და თინათინ გამრეკელები (დის შვილიშვილის შვილები) და მათი შვილები.

გამოფენას ასევე ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, თელაველი მხატვარი გივი თორაძე, გამოფენილი გობელენების შემსრულებელი ლია ბადურაშვილი, თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ქეთევან იაშვილის დამსახურებასა და მისი კოლექციის მნიშვნელობაზე. წლების განმავლობაში იაშვილის გალერეა თელავისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დამთვალიერებელს კვლავ ექნება საშუალება იხილოს უნიკალური ტილოები შესანიშნავი ქართველი და უცხოელი მხატვრების შესრულებით, როგორებიც არიან ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, გიგო გაბაშვილი, მიხაი ზიჩი, ივანე აივაზოვსკი და სხვები.

Share page