ერეკლეობა - 2018

7 November, 2018

7 ნოემბერს თელავში მეფე ერეკლე მეორის 298-ე იუბილე აღინიშნა. ღონისძიებები ძირითადად თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე აკადემიურ სტილში წარიმართა.

დილა ბატონის ციხის ეზოში, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში, მეფის სულის მოსახსენიებელი წირვით დაიწყო. პარალელურად, მცხეთის სვეტიცხოველში - ერეკლე მეორის საფლავზე, მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

დღესასწაულზე სტუმრად ჩამობრძანდნენ დელეგაციები თელავთან დამეგობრებული ქალაქებიდან: ბიბერახი (გერმანია), კედაინიაი, ანიკშჩიაი (ლიეტუვა), ბალტა (უკრაინა), კლეცკი, გლუბოკოე (ბელარუსის რესპუბლიკა), ტალსი (ლატვია).

ბატონის სასახლის აივანზე, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგები“, ანსამბლები: „პატარა კახი“ და „მზე შინა“. ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე.
საღამოს, ანსამბლი "ქართული ხმების" კონცერტი ჩატარდა, სადაც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა საპატიო თელაველები დააჯილდოვა. "საპატიო თელაველის" წოდება მიენიჭათ:
მერაბ მერაბიშვილს (მოქანდაკე, ერეკლე მეორის ძეგლის ავტორი), ელენე ლუხუტაშვილს (თვითნასწავლი ხელოვანი), ლევან სეფაშვილს (ხელოვანი), ლევან კირვალიძეს (ექიმი) და ზურაბ არსენიშვილს (საზოგადო მოღვაწე).

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა მეფე ერეკლეს შთამომავალი - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ალბომი

Share page