თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თემატური საღამო ჩატარდა
თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავის და ქალთა დღესასწაულების არსანიშნავად, თემატური საღამო - „რეპრესირებული ქართველი ქალები“ ჩატარდა. საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია გაიხსენეს და იმ ქართველი ფემინისტი ქალბატონების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც პიროვნულ, საზოგადოებრივ თუ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლაში იმდროინდელი რეჟიმის უსასტიკესი რეპრესიები განიცადეს: ბარბარე ჯორჯაძე, დესპინე გელოვანი, მზექალა არაბული, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, მარო მაყაშვილი, ოლია მესხი, თამარ წულუკიძე და სხვები, რომელთა სახელის ხსენებაც კი მაშინ დანაშაულად ითვლებოდა.
ღონისძიების დასასრულს, საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა - მაყვალა წიკლაურმა თელაველი ბიბლიოთეკარებიც გაიხსენა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს, შეინარჩუნეს და განავრცეს ის წიგნადი ფონდი, რომლითაც დღეს საბიბლიოთეკო გაერთიანების მკითხველები სარგებლობენ. დღეისათვის თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანების წიგნად ფონდში დაცულია 423 781ეგზემპლარი და 714 ინფორმაციის მატერებელი (კომპაქტ-დისკი, ხმოვანი დისკი, კასეტა).
ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები და დაინტერესებული პირები.