სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.
კერძოდ, ცვლილების შედეგად შეიქმნა სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების პროდუქტების დაფინანსების ქვეპროგრამა, რომლითაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 32 ბენეფიციარი ისარგებლებს. „აღნიშნულ სოციალურ პროგრამას ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო, მაგრამ ჩვილ ბავშვთა ოჯახებს კვების მომლოდინეთა სიაში ყოფნა უწევთ 2-3 თვის მანძილზე. აქედან გამომდინარე აღნიშნული მომსახურების შევსება მოწყვლადი ოჯახების ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. მერიის მიერ ინიცირებული პროექტი ჩვენ განვიხილეთ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე. საკრებულომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა“, - განაცხადა საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილმა.