თელავში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა

29 March, 2019

თელავში ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა თელავის მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული საჭიროებების წინ წამოწევას და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიებას ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების, მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტში შესაბამისი პირობების შექმნა, რათა ახალგაზრდული ინტელექტუალური რესურსის გადინების პროცესი შეჩერდეს.
„ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები და ჩვენთვის ეს ამოსავალი წერტილია. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია უმცირესობების, გენდერული, ასაკობრივი, ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ოჯახური ძალადობის შემცირების მიმართულებით მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. მსგავს ინიციატივებს თელავის მუნიციპალიტეტი აუცილებლად დაუჭერს მხარს და პირადად მე ვიქნები ამის ერთ-ერთი გარანტი“, - განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.
კონფერენცია პროექტ ,,ახალგაზრდული პლატფორმა - თელავის ფორუმის“ ორგანიზებით და „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

Share page