ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესტონეთში იმყოფებოდნენ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი და თელავის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი თავბერიძე ესტონეთის ქალაქ ვილიანდში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. მათ ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს, სადაც ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ვილიანდში თელავის ფეხბურთელთა 14 წლამდე გუნდი მიიწვიეს ტურნირზე. თელაველმა ფეხბურთელებმა მე-3 ადგილი დაიკავეს. „ესტონეთში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. შეხვედრების დროს ვილიანდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ კულტურისა და სპორტის მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. გაჟღერდა ინიციატივა, რომ ჩვენმა ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ანსამბლებმა მონაწილეობა მიიღონ ქალაქ ვილიანდის დღესასწაულებში, რაც თავის მხრივ გაზრდის ინტერესს ჩვენი ქალაქისადმი და შესაბამისად ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტურნირი თელავშიც ჩატარდეს და მოვიწვიოთ ჩვენთან დამეგობრებული ქალაქების, მათ შორის, ვილიანდის გუნდიც“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა .
თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ესტონეთში ვიზიტის დროს ქალაქ ვილიანდის ღირსშესანიშნაობებიც მოინახულეს და ქალაქის სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: