სოფელ წინანდალში საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდება

30 August, 2019

 

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებში ცვლილებების შეტანას. სოფელ წინანდალში ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მშენებლობის ნაცვლად განხორციელდება პირველი საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 30 000 ლარი.   

სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძის ინფორმაციით, მინი მოედნის მოწყობის პროექტის ღირებულებამ 75 000 ლარი შეადგინა, თუმცა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელზე გათვალისწინებულია მაქსიმუმ 30 000 ლარი, რის გამოც აღნიშნული პროექტი ვეღარ განხორციელდება.

საკრებულომ ასევე განიხილა მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც საფეხბურთო კლუბ „თელავისთვის“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, დროებითი სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ, თუმცა    გარკვეული პირობით გადაცემას ითვალისწინებს. საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძის განმარტებით, საფეხბურთო კლუბი ვალდებულია, თელავის გივი ჩოხელის   სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობის მე-3 სართულის რეაბილიტაცია განახორციელოს.    

დღესვე დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის“  თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ფართის გამოყოფის შესახებ, რომლის მიზანი დღის სოციალური ცენტრის განთავსება და აქტივობების განხორციელებაა. საკრებულოს სხდდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ქალაქ თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 23.კვ.მ. მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღება.

საკრებულომ ასევე იმსჯელა 2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიზანი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტის დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან თანხის მობილიზებაა. წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე ასევე განიხილეს საკრებულოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს მხარი დაუჭირეს. დღესვე წარმომადგენლობითმა ორგანომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ლევან ოთიურიძის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ცნობად მიიღო. 

Share page