ევროკავშირის პროექტის ფარგლებში თელავში კონფერენცია გაიმართა
საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენის მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), 2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსს აცხადებს.
კონკურსის დაწყებამდე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, რიგით მეათე რეგიონულ კონფერენციაზე, პროექტმა კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს უმასპინძლა.
შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე დაესწრნენ.
ღონისძიებაზე თელავის, ახმეტის, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარელის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ ადგილზე არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.