მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს, საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის - ირაკლი ქადაგიშვილის ინიციატივით, თელავის ტექნოპარკში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ - პლატონ კალმახელიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა - ბენო გეგეჭკორმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსმა - ვაჟა ლეშკაშელმა სოფლებში მერის წარმომადგენლებს ცვლილებებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.