თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა. საკრებულომ მოიწონა თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2020 წლის საპროექტო წინადადებები, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია 25 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების მთავარი მიზანია 2020 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის ნაწილის ასახვა, რომლითაც ბიუჯეტის გადასახდელებში გარდამავალი პროექტების, ვალდებულებების და მიმდინარე წელს განსახორციელებლი ღონისძიებების დაფინანსების მხრივ შევიდა ცვლილებები.
საკრებულოს განკარგულებით, „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2020 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მისაღებად დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. განკარგულების მიხედვით, წარმომადგენლობითი ორგანოს კომისიებმა და ფრაქციებმა ნორმატიული აქტის პროექტი უნდა განიხილონ 2020 წლის 20 თებერვლამდე, ხოლო დადგენილების პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს 2020 წლის 1 მარტამდე.
საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცებას, მერიის დებულებასა და მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმებში ცვლილებების შეტანას.
წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისა და საგზაო ნიშნების განთავსებისათვის ადგილების განმსაზღვრელი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც ინფრასტრუქტურუს კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძე უხელმძღვანელებს, შევლენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არჩილ თხლაშიძე, გიორგი ჩაბრაშვილი, ზურაბ ლილუაშვილი, არჩილ თვალიაშვილი, იოსებ პარწიკანაშვილი, გოჩა წაწალაშვილი, ალექსი ძულიაშვილი და ზურაბ ნაცარაშვილი.