თელავის მუნიციპალიტეტში მუსიკათერაპიის დაფინანსების ქვეპროგრამა იქმნება

19 March, 2020

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრები შეურთდნენ აქციას "მადლიერების ტაში საქართველოს მედიკოსებს". მათ სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მიმართ მადლიერება აპლოდისმენტებით გამოხატეს.

სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილების პროექტი განიხილეს. მერიის მიერ ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს ჯანდაცვის მიმართულებით მუსიკათერაპიის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების ქვეპროგრამის დამატებას, რომლის დაფინანსებისთვის თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში თანხა უკვე გათვალისწინებულია.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილების პროექტის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში მუსიკათერაპიის დანერგვა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შეზღუდული შესაძლებლობისა და  სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაში. 

სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ მხარი დაუჭირა ნორმატიული აქტის პროექტი წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.  

ქვეპროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 45,000 ლარს.

  

Share page