სოციალურ საკითხთა კომისიამ ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილების პროექტი განიხილა

28 May, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილების პროექტი განიხილა. ცვლილება უკავშირდება  ჯანდაცვის მიმართულებაში ახალი ქვეპროგრამის დამატებას, რომელიც ითვალისწინებს კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა თანადაფინანსებას.  

ნორმატიული აქტის პროექტი კომისიის წევრებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა წარუდგინა.

გიორგი ენუქიძის განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს თელავის მუნიციპალიტეტში კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირთა ფუნქციურ დამოუკიდებლობასა და მათი საზოგადეობაში ინტეგრაციის შეხლშეწყობას.

ენუქიძის ინფორმაციით, კოხლეარული იმპლანტი გამოცდილი და ხარჯთეფექტური მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელსაც „ხელოვნურ სმენას“ უწოდებენ.

„თელავის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებულია კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 2 პირი, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ გარე პროცესორის შეცვლას. ღირებულება  კონკრეტული პროცესორის შემთხვევაში შეადგენს 19 800 და 18 550 ლარს.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს შიდა იმპლანტზე მიმაგრებული გარე მეტყველების პროცესორის ღირებულების თანადაფინანსებას თითოეულ ბენეფიციარზე 10,000 ლარის ოდენობით.

ცვლილების პროექტის დამტკიცება გამოიწვევს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  ხარჯვითი ნაწილის მიზნობრივ გაზრდას“, - განაცხადა გიორგი ენუქიძემ.

სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ მხარი დაუჭირა ნორმატიული აქტის პროექტი წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

 

 

Share page